Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მობი დიკი (ტომი II)
მობი დიკი (ტომი II)
მობი დიკი (ტომი II)
Ebook836 pages14 hours

მობი დიკი (ტომი II)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ჰერმან მელვილის ეპიკური საგა გვიხატავს აქაბს, გუჩათხრობილსა და ფანტასტიურ კაპიტანს, რომელიც დიდი თეთრი ვეშაპის საძებნელად მოგზაურობას იწყებს. ამ უკანასკნელმა წინამორბედი შეხვედრისას ფეხი დააკარგვინა კაპიტანს. მოგვითხრობს რა აქაბის შურისძიებასა და საბედისწერო მოგზაურობაზე, მელვილი უფრო მეტს გვთავაზობს, ვიდრე აღმაფრენის მომგვრელი სხვა სათავგადასავლო ისტორიები. "მობი დიკი" არის საუკუნო წიგნი, რომელიც ადამიანის სულის უღრმეს სიმებს ეხმიანება.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 2, 2021
მობი დიკი (ტომი II)

Related to მობი დიკი (ტომი II)

Related ebooks

Reviews for მობი დიკი (ტომი II)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მობი დიკი (ტომი II) - ჰერმან მელვილი

    ჰერმან მელვილი - მობი დიკი (ტომი II)

    Herman Melville - Moby Dick (Book II) 

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის გივი გეგეჭკორს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    62. ბარჯის ტყორცნა

    63. შურდული

    64. სტაბის ვახშამი

    65. ვეშაპი როგორც კერძი

    66. ზვიგენების სასაკლაო

    67. აქნა-აჩარიქება

    68. ასალი

    69. დაკრძალვა

    70. სფინქსი

    71. „იერობოამის" ისტორია

    72. მაიმუნის სადავე

    73. სტაბი და ფლასკი კლავენ ნამდვილ ვეშაპს, მერე კი ერთმანეთთან საუბრობენ

    74. კაშალოტის თავი - შედარებითი აღწერა

    75. ნამდვილი ვეშაპის თავი - შედარებითი აღწერა

    76. კედლისმმტვრეველი მანქანა

    77. ჰაიდელბერგის დიდი კასრი

    78. ცისტერნები და სათლები

    79. პრერიები

    80. პაპალი

    81. „პეკოდი ხვდება „ქალწულს

    82. ვეშაპმონადირის სახელი და დიდება

    83. იონა ისტორიული თვალსაზრისით

    84. გატყორცნა

    85. შადრევანი

    86. კუდი

    87. უძლეველი არმადა

    88. სკოლები და მასწავლებლები

    89. თევზი ლინზე და უპატრონო თევზი

    90. კუდები თუ თავები

    91. „პეკოდი ხვდება „ვარდის კოკორს

    92. ნაცრისფერი ამბრი

    93. მიტოვებული

    94. ხელის ჩამორთმევა

    95. სუტანა

    96. ქონსადნობი

    97. ლამპა

    98. გასუფთავება და ჩალაგება

    99. დუბლონი

    100. ხელი და ფეხი. „პეკოდი ხვდება „სემუელ ენდერბის

    101. გრაფინი

    102. არსაკიდის მწვანე საბურველქვეშ

    103. ვეშაპის ჩონჩხის ზომა

    104. ნამარხი ვეშაპი

    105. ხომ არ პატარავდება ვეშაპი?

    106. აქაბის ფეხი

    107. ხომალდის ხურო

    108. აქაბი და ხურო. გემბანი - ღამის პირველი საგუშაგო

    109. აქაბი და სტარბეკი კაიუტაში

    110. ქვიქეგი და მისი კუბო

    111. წყნარი ოკეანე

    112. მჭედელი

    113. ქურა

    114. ვარაყი

    115. „პეკოდი ხვდება „მარტოხელას

    116. მომაკვდავი ვეშაპი

    117. ვეშაპის საგუშაგო

    118. კვადრანტი

    119. სანთლები

    120. გემბანი ღამის პირველი ცვლის ბოლოს

    121. შუაღამე წინაერდოზე, ქიმთან

    122. შუაღამე ანძაზე - ელვა და ჭექა

    123. მუშკეტი

    124. ისარი

    125. ლოგი და ლინი

    126. მაშველი ტივტივა

    127. გემბანზე

    128. „პეკოდი ხვდება „რაქელს

    129. კაიუტაში

    130. შლაპა

    131. „პეკოდი ხვდება „მომხიბლავს

    132. სიმფონია

    133. დევნა, დღე პირველი

    134. დევნა, დღე მეორე

    135. დევნა, დღე მესამე

    ეპილოგი

    განმარტებები

    62. ბარჯის ტყორცნა

    ორიოდ სიტყვა წინა თავში მოთხრობილ ეპიზოდზე.

    ვეშაპმონადირეთა უქცეველი წესია, როგორც კი მოშორდება ველბოტი ხომალდს, ველბოტის მეთაური, ესე იგი კაცი, ვინც ვეშაპი უნდა მოკლას, კიჩოსთან ჯდება დროებით მესაჭედ, ხოლო მებარჯე, ვისაც ვეშაპის ლინზე აყვანა ევალება, მუშაობს წინა, ეგრეთ წოდებული მებარჯის ნიჩბით. საჭიროა ღონიერი და მტკიცე მარჯვენა, რათა პირველი ბარჯი სტყორცნოს ფერდში ვეშაპს. იშვიათი როდია შემთხვევა, როცა ამ მძიმე იარაღის გასროლა ოციოცდაათი ფუტის მანძილზე უხდებათ. მაგრამ როგორი ხანგრძლივი და მომქანცველიც უნდა იყოს დევნა, მებარჯე ვალდებულია, მთელი ამ დროის განმავლობაში იმუშაოს, თანაც მარტო ნიჩბებს კი არ უჯდეს, არამედ მისცეს სხვებს ზეადამიანური გამძლეობის მაგალითი, ხელმარჯვედ მოუსვას ნიჩაბი და თან მამაცური, თავგანწირული ყიჟინა დასცეს. ხოლო რას ნიშნავს, მთელი ხმით, თანაც სულთმოუთქმელად გაჰკიოდე მაშინ, როცა შენი ყოველი კუნთი დაჭიმულია, ამის განსჯა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ეს გამოუცდია. პირადად მე არ მეხერხება ერთსა და იმავე დროს ყვირილიცა და გონივრული მუშაობაც. მაგრამ, აი, ყიჟინისა და ჭაპანწყვეტისაგან გაწამებულ მებარჯეს, რომელიც თევზისაკენ ზურგშექცევით ზის, ესმის ბრძანება: „ადექ და სთხლიშე". ახლა მან უნდა დაამაგროს თავისი ნიჩაბი, დამჯდარივე შემოტრიალდეს, შურდულიდან ბარჯი ჩამოხსნას და, რაც ძალი და ღონე აქვს, სტყორცნოს იგი ვეშაპს. მაშ, რაღად გვიკვირს, - და ეს ეხება ყველა ვეშაპმონადირეს უკლებლივ, - მაშ, რაღად გვიკვირს, რომ ყოველი ორმოცდაათი მებარჯიდან ხუთი თუ აღწევს მიზანს. მაშ, რაღად გვიკვირს, თუ მათ შორის ხელმოცარულებს ყველგან, ყოველთვის ეჩხუბებიან და მერე სულაც იშორებენ თავიდან. მაშ რაღად გვიკვირს, თუ ზოგიერთს იქვე, ნავში აწყდება ძარღვები. მაშ, რაღად გვიკვირს, თუ ვეშაპმონადირენი ზოგჯერ ისე ატარებენ ღია ზღვაში ოთხ წელიწადს, რომ ოთხ ლიფსიტასაც ვერ იჭერენ. მაშ, რაღად გვიკვირს, თუ გემების მეპატრონეთა უმრავლესობას ვეშაპსანადირო რეწვა ზარალიან საქმედ მიაჩნია - წარმატება ხომ მებარჯეზეა დამოკიდებული. მაგრამ განა შეიძლება გადამწყვეტ წუთებში დაენდო იმ კაცის სხეულს, ვისაც მთავარი სული ამოართვი?

    ის კი არა და, მაშინაც, როცა ბარჯი ზუსტად მოხვდება მიზანს, დგება კიდევ ერთი კრიტიკული მომენტი: ვეშაპი პირს იბრუნებს გასაქცევად, და მიუხედავად უდიდესი საშიშროებისა, ველბოტის მეთაურიც და მებარჯეც გარბიან: ერთი კიჩოდან ველბოტის ქიმისაკენ, მეორე - მის შესახვედრად. ისინი ადგილებს იცვლიან და პაწია გემის მეთაური ახლა თავის კანონიერ ადგილს იჭერს ველბოტის ქიმზე.

    დიახ, ვინც რა უნდა, ისა თქვას, მე კი ვამტკიცებ, რომ მთელი ეს სისულელე არავის სჭირდება. მეთაური მუდამ გემის ქიმზე უნდა იმყოფებოდეს, მან უნდა სტყორცნოს ბარჯიცა და ჭვილთიც და არაფერი ესაქმება ნიჩბებთან, თუ, ცხადია, რაიმე განსაკუთრებული ამბავი არ შეემთხვა. რა თქმა უნდა, მე მესმის, რომ ეს ზოგჯერ გამოიწვევს დევნის დროს სიჩქარის შემცირებას, მაგრამ სხვადასხვა ეროვნების ვეშაპმონადირეთა დიდმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ უმეტეს შემთხვევაში წარუმატებელი ნადირობის მიზეზია არა ვეშაპის სისწრაფე და მოქნილობა, არამედ მებარჯის ზემოაღწერილი მდგომარეობა.

    გინდათ, რომ რწმენით აღსავსენი ესროდნენ სამიზნეს? მაშინ მებარჯეებს, როცა ბარჯის სატყორცნად ზე წამოიჭრებიან, მძიმე ჯაფისაგან კი არ უნდა ეკეცებოდეთ მუხლები, არამედ დასვენებულები მარდად უნდა დგებოდნენ ფეხზე.

    63. შურდული

    ღეროდან მსხვილი ტოტებია გამოზრდილი, მსხვილი ტოტებიდან - პაწია ყლორტები. ასევე ჩნდება ნაყოფიერ თემაზე მუშაობისას ახალი და ახალი თავები.

    შურდული, წინა გვერდზე რომ ვახსენეთ, ცალკე აღწერის ღირსია. იგი წარმოადგენს ძალზე თავისებურ, ჭდეებიან ღერძს. სიგრძით ორ ფუტამდე იქნება და მარჯვენა ბორტის პლანშირში, ზედ ქიმთან, სწორი კუთხითაა ჩადგმული. შურდულში მაგრდება ბარჯის ტარი, რკინის დაკბილული და შიშველი ბოლო კი ირიბადაა გარეთ გამოშვერილი. ამგვარად, იარაღი მუდამ მებარჯის ხელთაა, და მას შეუძლია ისეთივე სისწრაფით დააძროს იგი, როგორითაც დასავლეთის ტყეებში პირველგზამკვლევნი ჩამოხსნიან ხოლმე კედლიდან თოფს. შურდულში, ჩვეულებრივ, ორი ბარჯია ჩადგმული. მათ ასევე ეძახიან - პირველი და მეორე ბარჯი.

    მაგრამ ბარჯები ერთმანეთზე გადაბმულია ორი ლინიანი შტერტიკით, რათა შეძლებისამებრ, ვეშაპს ორივე სტყორცნონ ერთმანეთის მიყოლებით, ასე რომ, თუ დაჭრილი ცხოველი აფართხალდება და თავს დაიხსნის ერთი ბარჯისგან, მეორე, სულერთია, გვერდში ექნება ჩაჭედილი. ამით, ცხადია, ვეშაპის მოკვლის შანსი ორმაგდება. მაგრამ ძალზე ხშირად ასეც ხდება: როგორც კი სხეულში პირველი ბარჯის წვერს იგრძნობს, ვეშაპი მაშინვე ისე გავეშებული გაუტევს გასაქცევად, რომ მებარჯე, რა ენით უთქმელი სიმარჯვეც უნდა გამოიჩინოს, ვეღარ ასწრებს მეორე ბარჯის გატყორცნას. მიუხედავად ამისა, რადგან მეორე ბარჯი ლინზეა მიმაგრებული, ლინი კი უკვე გასროლილ ბარჯს აქვს გათრეული, საჭიროა, რადაც უნდა დაჯდეს, მისი გადაგდება ველბოტიდან შორს. სხვანაირად მთელ ეკიპაჟს უსაშინლესი საფრთხე ემუქრება.

    მეორე ბარჯს პირდაპირ წყალში ისვრიან ხოლმე, საამისოდ კი საჭირო არაა რაიმე განსაკუთრებული რისკი - ეს ადვილად ხერხდება წინა ლინის ზედმეტი ბუხტების წყალობით (ამ ბუხტებზე ერთ-ერთ წინა თავში გვქონდა საუბარი). და მაინც, ეს საქმე ხანდახან უბედურ შემთხვევებთანაა დაკავშირებული.

    თანაც, მეორე ბარჯი, ხომალდიდან გადაგდების წუთიდანვე, ნამდვილ საშიშროებად იქცევა ხოლმე მთელი საქმისათვის; გვარლზე ჩამოკონწიალებული მისი მახვილი დანის პირები კანჯოსა და ვეშაპის ახლომახლო ათასნაირ თავსატეხს აჩენს - მან შეიძლება აბურდოს, ან სულაც გადაჭრას ლინი. ამიტომაც იპყრობს ეკიპაჟს ასეთ დროს დაღუპვის შიში და მღელვარება. ბარჯის ამოთრევა კი, ჩვეულებრივ, მხოლოდ მაშინ ხერხდება, როცა ვეშაპი უკვე მოკლულია და ხომალდის გარსამოსზეა მიბმული.

    ახლა თავად წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს, როცა ოთხივე ველბოტი ერკინება ერთ ვეშაპს, აღსავსეს განსაკუთრებული ღონით, ჭკუითა და ცბიერებით, როცა მისი ამ თვისებების და აგრეთვე სხვა ათასი დამღუპველი შემთხვევის წყალობით, რაც მუდამ თან სდევს ჩვენს საშიშ საქმიანობას, ვეშაპის ირგვლივ ლინზე ერთდროულად რვა-ათი მეორე ბარჯი ქანაობს. ყოველ ველბოტზე ხომ რამდენიმე ბარჯია, რომლებიც შეიძლება ლინზე მიაბან, თუ პირველი ბარჯის გასროლისას ხელი მოეცარათ. ეს დეტალები უდიდესი სიზუსტით იმისთვის გადმოვეცით, რომ შუქი მოგვეფინა ზოგიერთი ფრიად მნიშვნელოვანი და უაღრესად ბუნდოვანი აღწერისათვის, რაც შემდგომში შეგვხვდება.

    64. სტაბის ვახშამი

    სტაბმა თავისი ვეშაპი ხომალდიდან კარგა მოშორებით მოკლა. წყნარი ამინდი იდგა და ჩვენ, დაწალიკებული სამი ველბოტით, ნელა მივათრევდით ჩვენს ნადავლს „პეკოდისაკენ". საათი საათს ცვლიდა, და თვრამეტი კაცი, ოცდათექვსმეტი ხელითა და ას ოთხმოცი თითით, წელმოწყვეტილნი, რის ვაი-ვაგლახით მოვათრევდით ზღვაში ამ მძიმე, უსიცოცხლო სხეულს, ის კი ძლივძლივობით იძვროდა ადგილიდან. ეს გახლდათ თვალსაჩინო საბუთი იმისა, თუ რა დიდი უნდა ყოფილიყო ვეშაპი. ჩინეთში ხომ, ხუან-ხეს უდიდეს არხზე, - თუ არ ვცდები, ასე უნდა ერქვას, - ხუთი-ექვსი ბურლაკი მძიმედ დატვირთულ კანჯოს ნაპირის გასწვრივ საათში ერთი მილის სისწრაფით მიათრევს. ეს გრანდიოზული ხომალდი კი, ჩვენ რომ მიგვყავდა ბუქსირით, ისე ნელა მიიწევდა წინ, თითქოს ტრიუმები ტყვიის შოთებით ჰქონოდა ამოვსებული.

    ჩამობნელდა, მაგრამ გროტ-ანძის გემსართავიდან სამი მკრთალი ფარანი გვინათებდა გზას „პეკოდისაკენ". და აი, ახლოს მისულნი ვხედავთ, როგორ ჰკიდებს აქაბი ბორტზე კიდევ ერთ ფარანს. მან გულგრილად შეავლო თვალი ვეშაპის ამობურცულ ზურგს, ჩვეულებრივი ბრძანება გასცა, რაც ღამით ნანადირევის მოვლა-პატრონობას შეეხებოდა, მერე ფარანი რომელიღაც მეზღვაურს შეაჩეჩა ხელში, თავის კაიუტაში ჩაიკეტა და დილამდე გარეთ აღარ გამოუხედავს.

    მართალია, როცა ამ ვეშაპს ველბოტები დაადევნა, კაპიტანი აქაბი, შეიძლება ითქვას, მისთვის ჩვეული ენერგიით ირჯებოდა, მაგრამ ახლა, როცა ცხოველი მკვდარი იყო, მისი სული რაღაც ბუნდოვანი უკმარისობის, იმედგაცრუებისა და მოუთმენლობის გრძნობამ შეიპყრო. თითქოს ამ უსიცოცხლო სხეულის ცქერა ახსენებდა, რომ მობი დიკი მაინც ცოცხალი იყო და ათასი მკვდარი ვეშაპიც რომ მოეზიდათ „პეკოდის" ბორტთან, ისინი წამითაც ვერ მიაახლოებდნენ მას დიად, გიჟურ მიზანთან. მალე ხმაურის მიხედვით, ხომალდზე რომ გაისმა, შეიძლებოდა გეფიქრათ, ეკიპაჟი აქვე, ამ შუა ზღვაში აპირებს ღუზის ჩაშვებასო: გემბანზე მძიმე ჯაჭვები გამოათრიეს და ღრჭიალით ჩაუშვეს კლიუჩებში. მაგრამ ამ ჯაჭვებით ხომალდი კი არა, უზარმაზარი ლევიათანის ლეში უნდა გაკოჭონ. და ახლა თავით კიჩოზე, ხოლო კუდით ხომალდის ქიმზე მიბმული ვეშაპის შავი ზურგი მჭიდროდ აჰკვრია ხომალდის კორპუსს. ღამის სიბნელეს ჩაუნთქავს ანძებისა და გემსართავის მოხაზულობა, და ორივე - ვეშაპიცა და ხომალდიც, - ჰგვანან ერთ უღელში შებმულ ორ გიგანტურ ხარს, რომელთაგან ერთი დაწოლილა, მეორე კი ისევ ფეხზე დგას[1].

    თუ პირქუში აქაბი ახლა ხორცშესხმულ სიმშვიდეს განასახიერებდა, - ყოველ შემთხვევაში, გემბანზე ასე ეჭირა თავი, - სამაგიეროდ, გამარჯვებით აგზნებული მისი მეორე თანაშემწე სტაბი უწყინარ, მაგრამ განსაკუთრებულ მღელვარებას ამჟღავნებდა. ჩვეულების საწინააღმდეგოდ, იგი ახლა ისე ფუსფუსებდა, რომ მისი ოფიციალური უფროსი, დინჯი სტარბეკი დუმილით გაეცალა და ადროვა, მარტოკას მოეგვარებინა ყველა საქმე. მალე გამოირკვა კიდევ ერთი მიზეზი, რამაც სტაბი ასე გამოაცოცხლა: იგი დიდი გურმანი იყო, უსაზღვროდ უყვარდა ვეშაპის ხორცი და დიდად აფასებდა მის გემოს.

    - ბიფშტექსი, ბიფშტექსი, სანამ დასაძინებლად დავწვებოდე. ჰეი, დეგუ, გადაძვერი ბორტიდან და სუკი ამომიჭერი.

    დაე, ყველამ იცოდეს, რომ თუმცა უხეში ვეშაპმონადირენი არ აიძულებენ თავიანთ მტრებს მიმდინარე სამხედრო ხარჯების ანაზღაურებას, როგორც ამას დიდი სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებს (ყოველ შემთხევაში, ნადავლის რეალიზაციამდე), ზოგჯერ მაინც შეიძლება შეხვდეთ ნანტაკეტის მცხოვრებთ, რომელნიც დიდად აფასებენ სტაბის მიერ ნახსენებ და ნაქებ სუკს, კერძოდ, ვეშაპის ბოლოს.

    შუაღამისას ბიფშტექსი უკვე მზად იყო, შპილთან მიმდგარი სტაბი, თითქოს ბუფეტის დახლთანააო, ორი სპერმაცეტული ფარნის შუქზე საზეიმოდ შეექცეოდა თავის სპერმაცეტულ ვახშამს. მაგრამ მარტო იგი როდი მიირთმევდა ამ ღამით ვეშაპის ხორცს. მკვდარი ლევიათანის ირგვლივ მორიალე ასობით და ათასობით ზვიგენი პირის წკლაპუნს უერთებდა სტაბის ყბების მოძრაობას, ღრეობდნენ და გემრიელად ღრღნიდნენ ვეშაპის მსუქან სხეულს. მეზღვაურთა ნაწილს, რომელსაც გემის კუბრიგში ეძინა, წარამარა ეღვიძებოდა, რადგან მძინარეთაგან სულ რამდენიმე დიუიმის მოშორებით, ხომალდის გარსამოსზე კუდების გამაყრუებელი თხლაშუნი ისმოდა. თუ ბორტიდან გადაიხრებოდით, შეგეძლოთ არა მარტო გესმინათ, არამედ დაგენახათ კიდეც, როგორ ფართხალებდნენ ისინი შავ, პირქუშ წყალში, და როგორ ტრიალდებოდნენ ზურგზე, როცა კი ქონის დიდრონ, ადამიანის თავის სიმსხო მრგვალ ნაჭრებს გლეჯდნენ. ზვიგენების ამგვარი ღრეობა შეიძლება დაუჯერებლადაც მოგეჩვენოთ. როგორ ახერხებენ ისინი გლუვი და ლიპი სხეულიდან ესოდენ სწორი ფორმის ნაჭრების ამოგლეჯას, - ეს დღემდე სამყაროს ყოვლისმომცველი საიდუმლოს ნაწილად რჩება. მათ მიერ ამ დროს ვეშაპის ზურგზე დატოვებული კვალი ყველაზე მეტად გვაგონებს ნახვრეტს, როგორსაც დურგალი ჭანჭიკის ჩასასმელად ბურღავს ფიცარზე.

    მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო ბრძოლების მხრჩოლავი, ჯოჯოხეთური საშინელების შუაგულში ზვიგენები ჰგვანან მშიერ ძაღლებს, თავშეყრილებს მაგიდასთან, სადაც უმ ხორცს ანაწილებენ, უძღები მზერით უცქერენ გემბანს და მზად არიან, გადასანსლონ ყველა მოკლული, რომელსაც კი გადაუგდებენ; და სანამ მამაცი ყასბები, მოოქრული ჭრელი დანებით, გემბანზე კანიბალებივით კეპავენ ერთმანეთის ცოცხალ ხორცს, სისხლმოწყურებული ზვიგენებიც, თავიანთი ალმასივით კბილებით, გლეჯენ გემბანიდან გადაყრილ ხორცს, ოღონდ, უკვე მკვდარი არსებისას. ასე რომ, ადგილებიც რომ შევუცვალოთ მათ, მაინც იგივე გამოვა, - ერთნიც მხეცებივით ირჯებიან და მეორენიც; და მიუხედავად იმისა, რომ კიდევ შეიძლება მოტანა მაგალითებისა, თუ როგორ იყრიან თავს ზვიგენების დიდი ჯოგები, ხმაურიან ღრეობებში მონაწილეობისათვის, შესაბამის ადგილზე და პირობებში, - მაინც ვერასდროს, ვერსად და ვერავითარ პირობებში ვერ შეხვდებით ზვიგენების ესოდენ კმაყოფილ და მხიარულ, ესოდენ მრავალრიცხოვან თავყრილობას, როგორსაც ზღვაში ღამით, მოკლულ და ხომალდის გარსამოსზე მიბმულ კაშალოტთან ნახავთ. თუ შემთხვევა არ გქონიათ, ამგვარი სანახაობისთვის გეცქირათ, მაშინ ნუ იჩქარებთ აზრის გამოთქმას ეშმაკისადმი თაყვანისცემისა და მისი დაშოშმინების აუცილებლობაზე.

    მაგრამ ჯერჯერობით სტაბი უფრო ნაკლებად უგდებდა ყურს ხრაშახრუშს, მისგან ასე ახლოს გამართული ბანკეტიდან რომ მოისმოდა, ვიდრე ზვიგენები - მისი ეპიკურული ტუჩების წკლაპუნს.

    - კოკ, ჰეი, კოკ, სად გაქრა ეს ბებერი ტყაპუჭი? - გასძახა მან უცებ ხომალდის მზარეულს და ფეხები ფართოდ გადგა, თითქოს უნდა თავის ტრაპეზს უფრო საიმედო საყრდენი მისცესო. თანაც ჩანგალი ისე ჩაარჭო ხორცში, გეგონებოდათ, ხელში ჭვილთი უჭირავსო. - ჰეი, კოკ, ერთი აქეთ მოცურდი!

    მოხუცი ზანგი, გუნებაწამხდარი იმით, რომ ეს-ეს არის, თბილი ლოგინიდან წამოაგდეს ასეთ უდროო დროს, კამბუზიდან ფეხათრეული გამოვიდა, რადგან მასაც, როგორც ბევრ მოხუც ზანგს, საშინლად ტეხდა მუხლისთავები: ეტყობა, თავის დროზე მუხლისთავებს საკუთარი თავივით, ან სხეულის სხვა ნაწილივით ვერ გაუფრთხილდა. ბებერი ტყაპუჭი, როგორც მას ხომალდზე ეძახდნენ, მიკელანობდა, ფეხებს მიითრევდა და მძიმედ ეყრდნობოდა კასრის ორი სალტისაგან გაკეთებულ ღუმლის მაშას. ბოლოს მილასლასდა, ბრძანებისთანავე მეორე მხრიდან შემოუარა შპილს, რომელიც სტაბს მაგიდის მაგივრობას უწევდა, ხელები წინ წამოიღო, თავის ორკაპა ხელჯოხს ჩამოეყრდნო, მოხრილ ბეჭებში კიდევ უფრო მოიკუზა და თავი ოდნავ გვერდზე დახარა, რათა წინ ის ყური წამოეწია, რომელშიც უკეთ ესმოდა.

    - კოკ, - დაიწყო სტაბმა, თან ხორცის მოწითალო ნაჭერი პირისაკენ გააქანა. - როგორ გგონია, ვითომ ეს ბიფშტექსი დამწვარი არაა? ნამეტანი დაგინაყავს, კოკ, ძალზე რბილია. თითქოს მუდამ იმას არ ჩაგჩიჩინებდე, ვეშაპის გემრიელი ბიფშტექსი მაგარი უნდა იყოს-მეთქი. აგერ, ზვიგენებს უყურე. ხედავ? მათ უმი და მაგარი ხორცი უფრო მოსწონთ. ჰო, ჰო, ბიჭო, რა წეწვა-გლეჯა გამართეს! მიდი, კოკ, გამოელაპარაკე, უთხარი, არავინ გიშლით წესიერად და ზომაზე ვახშმობას, ოღონდ ხმაურს უკელით-თქო. დალახვროს ეშმაკმა, საკუთარი ხმაც აღარ მესმის. მიდი, კოკ, ასე გადაეცი ჩემგან. აი, ფარანი, დაიჭი, - მაგიდიდან ფარანი აიღო, - ახლა წადი და უქადაგე მათ.

    დაღვრემილმა ბებერმა ტყაპუჭმა გამოწვდილი ფარანი ჩამოართვა, ბორტთან კოჭლობით მივიდა, ცალი ხელით, რაც შეეძლო, დაბლა ჩაუშვა ფარანი, რათა თავისი მრევლი უკეთ დაენახა, მეორით ბორტზე დაყრდნობილმა საზეიმოდ გააქნ-გამოაქნია მაშა და ჩიფჩიფით მიმართა ზვიგენებს. უკნიდან უჩუმრად წამოპარული სტაბი მშვიდად უსმენდა.

    - მიშმინეთ, ძმანო, ნაბრძანები მაქვშ, გადმოგცეთ, რომ შეშჭყვიტოთ ეშ შაშინელი ალიაქოთი, გეშმით, შეშჭყვიტეთ, დაგჭყევლოთ ეშმაკმა, ტუჩებიშ ჭკლარტუნი. შტაბმა თქვა, რომ შეგიჯლიათ ეშმაკებივით შეთქვლიფოთ ყველაფერი, თუნდაც ილუმინატორებიანად, ოღონდ, ღმერთმანი, არ შეიჯლება ამნაირი დაკა-დაკა და ღრიანჩელი.

    - კოკ, - ჩაერია სტაბი და სიტყვას მუჯლუგუნიც თან მიაყოლა, - კოკ! მისმინე, დალახვროს ეშმაკმა, შეიძლება ამდენი წყევლა-კრულვა ქადაგების დროს? სად გაგონილა ცოდვილის ასე მოქცევა.

    - ვიში? ვიში? რა ჰქვია, ჩოდვილებშ, უმჯობეშია, თქვენ თვითონ უქადაგოთ. - და მოხუცი დაღვრემილი მოშორდა ბორტს.

    - არა, კოკ, მიდი, მიდი, განაგრძე.

    - ჰო, რაშ ვამბობდი, ნეტარნო ძმანო...

    - აი, ეს მესმის, - მოუწონა სტაბმა, - ალერსით უთხარი, ურჩიე, იქნებ მაშინ გაჭრას.

    ტყაპუჭი განაგრძობდა:

    - თუმცა თქვენ ყველანი ჟვიგენები ხართ და ბუნებით ღორმუჩელები, ძმანო, მაინც გეტყვით, რომ გაუმაჯღრობა... აბა თავი გაანებეთ კუდებიშ თხლაშუნშ, დაგჭყევლოთ ეშმაკმა, ღმერთმანი ერთ შიტყვაშაც ვერ გაიგებთ, თუ აშე აქიჩინეთ კუდები და იკინკლავეთ.

    - კოკ, - დაუყვირა სტაბმა და ქეჩოში წაავლო ხელი, - არ გაბედო წყევლა, როგორც კეთილშობილ კაცს შეეფერება, ისე ილაპარაკე.

    ქადაგება გრძელდებოდა:

    - ღორმუცელობაშ, ძმანო, დიდ დანაშაულად არ გითვლით. რაშ იჟამ, აშეთია თქვენი ბუნება, მაგრამ თქვენი ბუნება თქვენშ თავშ უნდა დაუმორჩილოთ. ეშაა შაქმე. ნაღდია, თქვენ ჟვიგენები ხართ, მაგრამ დათრგუნეთ ჟვიგენები თქვენშ თავში და მაშინვე ანგელოჟებად იქცევით, რადგან ყოველი ანგელოჟი - ბოლოშ და ბოლოშ კარგად დართგუნვილი ჟვიგენია და მეტი არაფერი. თქვენ მხოლოდ შჩადეთ, ძმანო, ერთხელ მაინც ჭეშიერად გეჭიროთ თავი ჭამიშ დროშ. ერთმანეთშ პირიდან ნუ შტაცებთ ქონშ, გეშმით? განა ამ ვეშაპჟე ერთშ უფრო მეტი უფლება აქვშ, ვიდრე მეორეშ, არც ერთ თქვენგანშ, დაშჭყევლოშ ეშმაკმა, არ ეკუთვნიშ ეშ ვეშაპი. ამ ვეშაპს შხვა პატრონიც ჰყავშ. მე ვიჩი, ჟოგიერთ თქვენგანშ ჯალჟე დიდი ხახა აქვშ, შეუდარებლად დიდი, ვიდრე დანარჩენებშ, მაგრამ ხომ გაგიგონიათ: მუცელშ აქორებ - ქორია, აღორებ - ღორიაო. აშე რომ, მაშინვე კი არ უნდა უჭილადოთ პატარა ჟვიგენებს, რომლებიც ვერ იქნა და ვერ გახვრნენ ვეშაპამდე.

    - ყოჩაღ, ბებერო! - წამოიძახა სტაბმა, - აი, ეს მესმის, ეს უკვე ქრისტიანულია. მიდი, განაგრძე.

    - აჟრი აღარ აქვშ, მაშა შტაბ, დაჭყევლილი ავაჟაკები, შულერთია, არ შეჭყვეტენ ამ ჭეჭვა-გლეჯაშ და კუდებიშ ქიჩინშ. მათ არაფერი ეშმით ჩემი. აჟრი არა აქვშ, უქადაგო ამნაირ ღორმუცელებშ, შანამ უჯირო ფაშვებს არ მოიყორავენ, ხოლო როცა ფაშვებშ ამოიყორავენ, მერე ხომ შულ აღარ მოგიშმენენ, - მაშინვე ფშკერს მიაშურებენ, მკვდრებივით მიეყრებიან შადმე მარჯნებთან დაშაჯინებლად და აღარავიშ მოუშმენენ უკუნითი უკუნიშამდე.

    - ღმერთმა იცოდეს, მეც შენი აზრისა ვარ, ტყაპუჭო. სწრაფად დალოცე ახლა ისინი, და მეც ვახშამს მივუბრუნდები.

    ბებერმა ტყაპუჭმა ხელები აღაპყრო და გამყინავი ხმით შესძახა:

    - ჭყეულნო ძმანო, შეგიჯლიათ იღრიალოთ, რამდენიც გინდათ, შეგიჯლიათ მანამდე იტენოთ ფაშვები, შანამ არ დაშკდებით, მერე კი თქვენი შინშილა მენახოშ გაჭყვეტილი.

    - ახლა კი, კოკ, - დაიწყო სტაბმა, რომელიც შპილთან ისევ თავის ვახშამს მისჯდომოდა, - დადექი იქ, სადაც ადრე იდექი, - ჩემს პირდაპირ და ყურადღებით მისმინე.

    - გიშმენთ, - ტყაპუჭი ისევ თავის საყვარელ პოზაში იდგა, მაშაზე დახრილი.

    - აი, რა, - სტაბმა პირი გამოიტენა, - დავუბრუნდეთ ბიფშტექსის საკითხს. ჯერ ეს გავარკვიოთ, რამდენი წლისა ხარ, კოკ?

    - რა შუაშია ეშ ბიფშტექშთან? - უკმაყოფილოდ წაიბუზღუნა მოხუცმა ზანგმა.

    - ხმა ჩაიკმინდე! რამდენი წლისა ხარ, კოკ?

    - ამბობენ, ოთხმოცდაათამდეო, - უპასუხა დაღვრემილმა მზარეულმა.

    - რაო? თითქმის საუკუნე იცხოვრე ამ ქვეყანაზე და ვეშაპის ბიფშტექსის შეწვა ვერ ისწავლე? - სტაბმა კიდევ ერთი მოზრდილი ნაჭერი გადაყლაპა, თითქოს ახალი შეკითხვების გამოსაგონებლად სჭირდებაო. - სად დაიბადე?

    - ბორანჟე, როანოკიშ გადახურვიშაშ!

    - ესეც ახალი ამბავი! ბორანზეო! საკვირველია! მაგრამ მე სხვა რამეს გეკითხები, კოკო: სად, რომელ მიწაზე დაიბადე?

    - აკი ვთქვი: როანოკიშ მიჭაჟე-მეთქი, - მოუგო გაღიზიანებულმა ზანგმა.

    - არა, ეს არ გითქვამს. თუმცა ჯერ აგიხსნი, რატომ გეკითხები ამას. სამშობლოში უნდა დაბრუნდე და თავიდან დაიბადო, რაკი ვეშაპის ბიფშტექსის მომზადება არ იცი.

    - გამიშკდეშ მიჭა და შიგ ჩამიტანოშ, თუ დღეიშ ამაშ იქით მოგიმჟადოთ, - წაიბუტბუტა გაჯავრებულმა მოხუცმა ზანგმა და შპილს მოშორდა.

    - ჰეი, კოკ, დაბრუნდი. აბა, მოიტა შენი მაშა და გასინჯე, ვითომ კარგი ბიფშტექსია? აიღე-მეთქი. - და ზანგს მაშა გაუწოდა.

    - აიღე და თავად გასინჯე.

    მოხუცმა მზარეულმა ააცმაცუნა დამჭკნარი ტუჩები და ჩაიჩიფჩიფა:

    - უგემრიელეში ბიფშტექშია, რაც კი აქამდე მიჭამია! ჩვრიანი! ჰო, ჰო, რა ჩვრიანია!

    - კოკ, - ჰკითხა სტაბმა და ისე გადგა ფეხები, - ეკლესიაში დადიხარ?

    - ერთხელ, კეიპტაუნში, ახლოშ ჩავუარე, - იყო ნაღვლიანი პასუხი.

    - რაო? ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ჩაუარე ახლოს წმინდა ეკლესიას კეიპტაუნში და ყური მოჰკარი, როგორ უწოდებდა წმინდა მამა მლოცველებს ნეტარ ძმებს, ასეა, არა, კოკ? და ამის შემდეგ მოდიხარ აქ და საშინლად ტყუი, არა? სად აპირებ მოხვედრას, კოკ?

    - კუბრიგში, ჩემ შაჭოლჟე, - ამოილუღლუღა მზარეულმა და ისევ იბრუნა პირი.

    - შესდექ! გაჩერდი! სიკვდილის შემდეგ-მეთქი, გეკითხები. ეს საშინელი საკითხია, კოკ, აბა, რას მიპასუხებ.

    - როჩა ეშ ბებერი ჟანგი მოკვდება, - ნელა წარმოთქვა მოხუცმა და უეცრად გამოეცვალა სახეც და ხმაც. - თვითონ არშადაჩ არ ჭავა. ჭმინდა ანგელოში ჩამოფრინდება მაშთან და ჭაიყვანშ.

    - წაიყვანს? ეს როგორ, ილია მოციქული რომ წაიყვანეს, ისეთი ოთხცხენიანი კარეტით? მერედა, მაინც სად წაგიყვანს, თუ იცი?

    - იქ, - უპასუხა ტყაპუჭმა და დიდის ამბით გააქნია მაშა თავზევით.

    - აჰა, გასაგებია! ესე იგი, სიკვდილის მერე ჩვენი გროტ-ანძის თავზე აპირებ მოხვედრას, ასეა, კოკ, ხომ? მერედა არ იცი, რაც უფრო მაღლა აძვრები, მით უფრო რომ შეგცივა? ერთი ამას დამიხედეთ, გროტ-ანძის თავზე მოინდომა ყოფნა.

    - მე ეშ არ მითქვამშ, - მკვახედ შეეკამათა წარბშეკრული მზარეული.

    - როგორ არ გითქვამს, თქვი, შენ თქვი „იქ", და მაშით ზევით მიმანიშნე. აბა, თვითონ შეხედე, საით მიგვანიშნებს შენი მაშა. ანდა იქნებ ცაში აპირებ მოხვედრას, ჰა? ძაღლის ხვრელში გაძრომას და ცაში მოხვედრას! შენც მოგიხდება სხვებივით ვანტებზე ცოცვა, კოკ. სხვა გამოსავალი არაა. საჩოთირო საქმეა, მაგრამ რას იზამ, სხვანაირად არ გამოვა. თუმცა ჯერჯერობით ჩვენ ცაში არა ვართ. ამიტომ დადე ეგ მაშა და ბრძანებას უსმინე. ვინ ისმენს ბრძანებას ასე! როცა ბრძანებას ვიძლევი, ცალ ხელში ქუდი უნდა დაიჭირო, მეორე კი მკერდზე დაიდო. რაო? გული აქა მაქვსო? მანდ ღვიძლია, კოკ. მაღლა, უფრო მაღლა. აი, ასე. ასე გეჭიროს და ყურადღებით მისმინე.

    - მეშმიშ! - მოხუც ზანგს ხელები ისე ეჭირა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა, თან ჭაღარა თავს ისე უმწეოდ აქიცინებდა, თითქოს უნდა ერთდროულად ორივე ყური წინ წამოსწიოსო.

    - მაშ, ასე, კოკ, შენი ბიფშტექსი ისე ცუდი იყო, რომ მე შევეცადე, რაც შეიძლებოდა მალე გამენადგურებინა იგი, გაიგე? მომავალში კი, როცა ჩემი პირადი სუფრისთვის აი აქ, შპილზე, ვეშაპის ბიფშტექსს მოამზადებ, ახლავე გასწავლი, როგორ უნდა მოიქცე, რომ არ დაგეწვას: ცალ ხელში ბიფშტექსი უნდა დაიჭირო, მეორეში გავარვარებული ნახშირი. საკმარისია შორიდან დაანახვო და მაშინვე სუფრაზე მოიტანო. გესმის ჩემი? ხვალ კი, კოკ, არ დაგავიწყდეს, როცა ვეშაპს ავქნით, იქ იყავი და მკერდის ფარფლებს ბოლოები წააჭერი. კარგად დაამარილე, იცოდე. რაც შეეხება კუდის ფარფლებს, მათი ბოლოები დაამწნილე. ესეც ასე. ახლა კი შეგიძლია წახვიდე, კოკ.

    მაგრამ ტყაპუჭმა სამი ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ სტაბის ძახილმა ისევ მოაბრუნა:

    - ჰეი, კოკ, ხვალ ვახშმად კატლეტს მომიმზადებ, ძაღლის ვახტზე, გესმის? ჰოდა, აბა მოუსვი ნიჩბები. ეჰეი, დაიცა, წასვლისას გამომშვიდობებაა საჭირო. დაიცა, დამაცა! საუზმეზე - ვეშაპის დაბეგვილი ხორცის ბურთულები. არ გადაგვარდეს გულიდან.

    - ღმერთმანი, მიჭა გამიშკდეშ და შიგ ჩამიტანოშ, ჯობია, ეგ შეჭამოშ ვეშაპმა, ვიდრე მაგან - ვეშაპი. რომელი ჟვიგენი მოვა მაგ შტაბთან! - ჩაიჩიფჩიფა მოხუცმა და წალასლასდა; და ამ ბრძნული წამოძახილით მიეგდო თავის საწოლზე.

    65. ვეშაპი როგორც კერძი

    ეს უცნაური გარემოება, რომ მოკვდავ ადამიანს შეუძლია საკვებად გამოიყენოს ხორცი იმ არსებისა, მის ლამპას საწვავითაც რომ ამარაგებს, და ამრიგად, სტაბის მსგავსად, ასე ვთქვათ, მისივე სინათლის შუქზე შეექცეს მას, ეს გარემოება იმდენად ველური გეჩვენება, რომ აქ სავსებით აუცილებელია მცირე გადახვევა ისტორიისა და ფილოსოფიის სფეროებში.

    დოკუმენტებით დამოწმებულია, რომ სამი საუკუნის წინათ ნამდვილი ვეშაპის ენა საფრანგეთში დიდ დელიკატესად ითვლებოდა და ძალზე ძვირადაც იყიდებოდა. ცნობილია აგრეთვე, რომ ჰენრიხ მერვის დროს სასახლის ერთმა მზარეულმა უამრავი ჯილდო დაიმსახურა იმით, რომ მშვენიერი საწებელი შეამზადა დელფინისგან, რომელიც, როგორც გახსოვთ, ვეშაპების ჯგუფს ეკუთვნის. აქვე უნდა ითქვას, რომ დელფინის ხორცი ახლაც ძალზე გემრიელ კერძადაა მიჩნეული. მისგან ამზადებენ ბილიარდის ბურთების სიმსხო დაბეგვილი ხორცის ბურთულებს, საჭიროებისდა მიხედვით კაზმავენ და შუშავენ. კერძი გემოთი ხბოს ან კუს ხორცს წააგავს. წარსულში ეს ბურთულები თურმე ძალიან ჰყვარებიათ დანფერმლაინის ბერ-მონაზვნებს, რომლებიც გვირგვინოსანთაგან დელფინის ხორცის დიდ დოტაციებს იღებდნენ.

    მართალი თუ გინდათ, ვეშაპმონადირენი ვეშაპის ხორცს ყოველთვის ჩინებულ საზრდოდ ჩათვლიდნენ, იგი რომ ასე უხვად არ ჰქონდეთ, მაგრამ როცა ასი ფუტი სიგრძის ხორცის პაშტეტი გიდევს წინ, შენდა უნებურად მადა გეკარგება. ჩვენს დროში მხოლოდ სტაბივით თავგადაკლული მეზღვაურები არიან მზად, დღენიადაგ შეექცნენ ვეშაპის ხორცს. მაგრამ აი, ესკიმოსები ასე წუნიები როდი არიან. ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ისინი იკვებებიან ვეშაპის ხორცით, თანაც აგროვებენ და ინახავენ მაღალხარისხოვან ზიპს. ესკიმოსთა ერთ-ერთი უდიდესი მკურნალი, რომლის სახელიც ზოგრანდა გახლავთ, ვეშაპის ქონს ჩვილი ბავშვებისთვის ყველაზე სასარგებლო და ყუათიან საკვებად მიიჩნევს. ეს ამბავი იმ ინგლისელებს მაგონებს, რომელნიც ოდესღაც, უბედური შემთხვევითობის წყალობით, ვეშაპმონადირეებმა გრენლანდიაში მიატოვეს, სადაც რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ და ვეშაპის ხორცის ნახევრად დამპალი ნარჩენებით იკვებებოდნენ, ნაპირზე ზიპის გადადნობის მერე რომ დარჩენილიყო.

    ჰოლანდიელი ვეშაპმონადირენი ამ ნარჩენებს „მაჭკატებს" ეძახიან. ისინი მართლაც მაჭკატებივით ყავისფერი და ხრამუნაა, ამსტერდამელი დიასახლისის მიერ მომზადებული ფუნთუშებივით სურნელოვანი და, საერთოდ, ისეთი მადის აღმძვრელი, რომ ყველაზე აზიზი მჭამელიც ვერ შეიკავებს თავს, გემო არ გაუსინჯოს.

    ვეშაპის ხორცის, როგორც ცივილიზებული კერძის ღირსებებს, კიდევ უფრო ზრდის მისი ცხიმიანობა. ვეშაპი - ეს ხომ ზღვების უზარმაზარი ხარია, ძალზე მსუქანი საიმისოდ, რომ გემრიელი იყოს. აი შეხედეთ თუნდაც მის კუზს. ხომ შეიძლებოდა, იგი ისეთივე დელიკატესი ყოფილიყო, როგორიც ბიზონის კუზი (მეტისმეტად გემრიელი კერძია), ქონის ვეება პირამიდა რომ არ იყოს მხოლოდ. ახლა სპერმაცეტი, როგორი სათუთია. როგორ იწელება, გეგონება, სიმწიფის მესამე თვეში შესული ქოქოსის კაკლის გამჭვირვალე, თეთრი გულიაო. და მაინც ძროხის რძის კარაქის მაგივრობას ვერა და ვერ გასწევს. თუმცა ბევრი ვეშაპმონადირე ეჩვევა სპერმაცეტში დამბალი ორცხობილების ჭამას. როცა ქონის გადადნობას დაიწყებენ, მეზღვაურები ღამის მორიგეობისას ორცხობილებს სპერმაცეტიან კასრებში აწებენ და სურნელოვანი ცხიმით ჟღინთავენ. მეც არაერთხელ მივახშმია ასე გემრიელად.

    ჩინებულ კერძად ითვლება მოზარდი კაშალოტის ტვინი. თავის ქალას ფრთხილად ამტვრევენ ნაჯახით და იქიდან ორი მოთეთრო ნახევარსფერო გამოაქვთ, გეგონებათ, ორი დიდი პუდინგიაო. ამის შემდეგ ტვინში ფქვილს ურევენ და დიდებულ საჭმელს ამზადებენ, რომელიც გემოთი ეპიკურეელთა სათაყვანო კერძს - ხბოს ტვინს ჩამოჰგავს. ისიც კარგად ვიცით, რომ ზოგიერთ ეპიკურეელს ხბოს ტვინის სისტემატური ჭამისაგან თანდათანობით ისე ეტენება თავი ხბოს ტვინით, რომ ხბოს თავისაგან საკუთარი თავის გარჩევაც კი აღარ შეუძლია, თუმცა ეს რომ შეძლო, დიდი დაკვირვების უნარია საჭირო. ამიტომ წარმოადგენს ასეთ სევდისმომგვრელ სანახაობას სუფრასთან მჯდომი ახალგაზრდა მომლხენი ტიპი, რომელსაც წინ ხბოს თავი უდევს. თავი ისე შესცქერის მას თავისი ჭკვიანი თვალებით, თითქოს სადაცაა წამოაყვედრების: „შენცა, ბრუტუს?" - და მაინც, ჩემი აზრით, ხმელეთზე მცხოვრებნი ვეშაპის ხორცის საკვებად გამოყენებას ასეთი შეშფოთებულნი მარტო იმის გამო როდი უარყოფენ, რომ იგი ესოდენ გადაჭარბებული ცხიმიანობით გამოირჩევა. ეს ამბავი ერთგვარად ჩემ მიერ ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებებთან არის დაკავშირებული: განა შეიძლება, ადამიანი ჭამდეს ეს-ეს არის მის მიერვე მოკლულ ზღვის ქმნილებას და თან სუფრასაც მისივე ქონით ინათებდეს. პირველი კაცი, ვინც ხარი მოკლა, უსათუოდ, მკვლელად ჩათვალეს. იქნებ ჩამოახრჩვეს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ხარებს რომ გაესამართლებინათ, აუცილებლად ჩამოხრჩობას მიუსჯიდნენ, რასაც იგი, ცხადია, იმსახურებდა, როგორც ყოველი მკვლელი. კეთილი ინებეთ, ერთ შაბათ საღამოს ხორცის რიგში ჩადექით და დატკბით ცოცხალი ორფეხა ჯოგების ცქერით, მკვდარ ოთხფეხთა მწკრივებს რომ ათვალიერებენ. როგორ ფიქრობთ, ასეთი სანახაობა ვითომ თვალებს არ დააპრაწინებდა კანიბალებს? კანიბალიო? მერედა, რომელი ჩვენგანი არ არის კანიბალი! კაცმა რომ თქვას, განკითხვის დღე უფრო მსუბუქი ექნება კუნძულ ფიჯის კაციჭამიას, - ამ თადარიგიან ველურს, შავი დღისთვის კიდობანში მჭლე მისიონერის შაშხი რომ გადაუნახავს, ვიდრე შენ, ჩემო ცივილიზებულო და განსწავლულო გურმანო, ბატები რომ ჯვარს აცვი საკუთარი სამზარეულოს იატაკზე, რათა მერე მოილხინო და მათი ღვიძლისაგან მომზადებული კერძი paté-de-foie-gras[2]-ი მიირთვა.

    მაგრამ, აი სტაბი. იგი მიირთმევს ვეშაპს და სუფრასაც ვეშაპისავე ქონით ინათებს. ასეა, ხომ? და მხოლოდ ამით ამძიმებს თავის დანაშაულს. ხომ ნამდვილად ასეა? მაგრამ ახლა ერთი შენი დანის ტარსაც დახედე, ჩემო ცივილიზებულო და განსწავლულო გურმანო, გაფაციცებით რომ შეექცევი როსტბიფს! - განა ხარი, რომლის ძვლისგანაც იგია გაკეთებული, ღვიძლ ძმად არ ერგებოდა მეორე ხარს, შენ რომ ახლა მიირთმევ? ან იმ მსუქანი ბატის შესანსვლის შემდეგ კბილებს რით იჩიჩქნი? - ფრთით, რომელიც იმავე ფრინველს ეკუთვნოდა. ანდა რომელი კალმით წერდა ოფიციალურ ცირკულარებს მამალ ბატებთან უწყალო დამოკიდებულების წინააღმდეგ მებრძოლთა საზოგადოების მდივანი! რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ ფოლადის კალმებით სარგებლობის შესახებ ამ საზოგადოებამ ხომ ერთი-ორი თვეა, რაც მიიღო.

    66. ზვიგენების სასაკლაო

    როცა მოკლულ კაშალოტს მძიმე და ხანგრძლივი შრომის შემდეგ ხომალდის გარსამოსზე მიაბამენ, სამხრეთის ზღვებში, ჩვეულებრივ, მაშინვე როდი შეუდგებიან ხოლმე მის აქნა-აჩარიქებას. ეს უაღრესად ძნელი საქმეა და გარდა იმისა, რომ საკმარისად დიდი დრო მიაქვს, ხომალდის მთელი ეკიპაჟის მონაწილეობასაც საჭიროებს. ამიტომ არის ასე ფართოდ გავრცელებული წესი, ასეთ შემთხვევაში დაუშვან იალქნები, დაამაგრონ შტურვალი ქარის მიმართულებით და განთიადამდე ყველანი ქვევით, მოსასვენებლად ჩაგზავნონ, თუმცა იმ პირობით კი, რომ საგუშაგო მთელი ღამე „ღუზისებურად" იდგეს, ესე იგი, ეკიპაჟის წევრები ყოველ საათში რიგრიგობით, წყვილ-წყვილად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და თვალყურს ადევნებდნენ წესრიგს გემბანზე.

    მაგრამ ზოგჯერ, განსაკუთრებით წყნარი ოკეანის ეკვატორულ რაიონებში, ამ წესზე ხელს იღებენ, რადგან მიბმულ ვეშაპთან ზვიგენების ისეთი მრავალრიცხოვანი ურდო იყრის თავს, რომ შეუძლებელია მისი, ვთქვათ, ექვსი საათით ასე დატოვება: დილით ბორტზე მხოლოდ ცარიელი ჩონჩხი დაგხვდებათ ჩამოკონწიალებული. მართალია, ოკეანის სხვა რაიონებში, სადაც ეს თევზები არც ისე მრავლადაა, მათ საშინელ ღორმუცელობას საგრძნობლად აცხრობენ ხოლმე: წყალში მთელი ძალით უსვამენ ფლენშერის პირალესილ ნიჩბებს[3] (თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს ხერხი მხოლოდ ენერგიას მატებს მათ), მაგრამ ამჯერად საქმე ასე არ იყო. ამგვარ სანახაობას თვალმიუჩვეველ კაცს ღამით „პეკოდის" ბორტიდან რომ გადაეხედა, მოეჩვენებოდა, ზღვა გიგანტური გუდის ყველია, რომელშიც მატლები - ზვიგენები ირევიანო.

    ამიტომაც, როცა სტაბმა ნავახშმევს ღუზის ვახტი დანიშნა და მის ბრძანებაზე ქვიქეგი ერთი მეზღვაურის თანხლებით გემბანზე ამოვიდა, ზვიგენებს შორის პანიკა დაიწყო, რადგან მეზღვაურებმა ბორტიდან მაშინვე ჩაუშვეს სარწევები და სამი ფარანი, რომელთა სინათლის ზოლები გრძლად ეცემოდა ბობოქარ წყალს, თანაც შეუდგნენ ფლენშერის გრძელი ნიჩბების ქნევას, რომლითაც მარჯვნივ და მარცხნივ ხოცავდნენ ზვიგენებს: უწყალოდ ურტყამდნენ თავში - ზვიგენის ერთადერთ „აქილევსის ქუსლში". მაგრამ ერთმანეთში ჩახლართულ-ჩაგრეხილი თევზების აქაფებულ ქაოსში მონადირენი ყოველთვის როდი ახერხებდნენ მიზანში მოხვედრებას, და ასეთ დროს

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1